ფონურ მუსიკას უფრო უტილიტარული დანიშნულება აქვს, ვიდრე მხატვრული. ის ყოველთვის ხმადაბლა ჟღერს და იმდენად პასიური მოსმენისთვისაა განკუთვნილი, რომ შეიძლება ყურადღება არც კი მიიქციოს. მაგრამ მას თავისი ფსიქოლოგიური ზემოქმედების ძალა აქვს და, როგორც კვლევების შედეგად დგინდება, როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური ეფექტი შეიძლება ჰქონდეს.
ფონური მუსიკა (background music) მარტივად მოსასმენი, მსუბუქი და განმეორებადი მუსიკაა რომელიც, მრავალი წელია, წარმატებით „მუშაობს“ ევროპისა და ამერიკის ბაზარზე და ჩვენთანაც დღითიდღე აქტუალური ხდება.
მუსიკის ფონად ქცევის იდეა ცნობილი კომპოზიტორის, ერიკ სატის თავში გაჩნდა. 1917 წელს მან შექმნა მუსიკა, რომელსაც სივრცეში ისეთივე ფუნქცია უნდა შეესრულებინა, როგორც ავეჯს, სახელწოდებაც ასეთივე შეურჩია: musique d’ameublement. ეს იყო მოკლე, იოლად დასამახსოვრებელი და ხშირად გამეორებადი მუსიკა, რომელიც ყურადღებით მოსმენისთვის არ იყო განკუთვნილი.
ბოლო ათწლეულებში, ფონური მუსიკა, ძირითადად, საცალო ვაჭრობის ობიექტებისთვისაა განკუთვნილი. ის ამგვარ სივრცეებში განსაკუთრებული ატმოსფეროსა და განწყობის შექმნას ემსახურება. მისი მიზანია ერთგვარად მოადუნოს მომხმარებელი და მაღაზიაში ბევრი დრო გაატარებინოს, შესაბამისად - ბევრი პროდუქტიც შეაძენინოს. ასეთ ადგილებში გაყიდვების რაოდენობის ზრდა, კვლევების მიხედვით, ათიდან ოცდაათ პროცენტამდე მერყეობს.
სპეციალისტების და სპეციალური პროგრამების მიერ დამუშავებული სახით, ფონური მუსიკა, ნებისმიერი გარემოსთვის შესაფერის სახეს იღებს, იქნება ეს სასურსათო თუ ტანსაცმლის მაღაზიები, ან, თუნდაც, ძვირადღირებული რესტორანი. აქ გონების კონტროლი კი არა ხდება, არამედ მუსიკის მეშვეობით პროდუქციის მიერ მოხდენილი შთაბეჭდილების გაძლიერება. ეს მხოლოდ სწორად შერჩეული ფონური მუსიკის საშუალებითაა შესაძლებელი. ასეთ შემთხვევაში შედეგი ყოველთვის დადებითი იქნება კომპანიისთვის.